პოლიციელების მიერ მოქალაქეებზე ზეწოლის კიდევ ერთი ფაქტი - ბონდო ბეჟიტაშვილს ქურდობის მცდელობის აღიარებას სთხოვდნენ
პოლიციელების მიერ მოქალაქეებზე ზეწოლის კიდევ ერთი ფაქტი - პოსტსკრიპტუმთან საკუთარი ისტორია ბონდო ბეჟიტაშვილმა მოყვა, რომელიც აცხადებს, რომ სამართალდამცველები მას იმ დანაშაულის აღიარებას აიძულებდნენ, რომელიც სოფელ სასირეთში სავარაუდოდ ორი თვის წინ მოხდა. ჯიხურის გაქურდვის მცდელობაში ბონდოს და მის ბიძაშვილს, მათივე ნათესავი გიანზე ბეჟიტაშვილი ადანაშაულებდა. ზეწოლა ქურდობის შემთხვევიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ დაიწყო, მაშინ როდესაც ბონდო ბეჟიტაშვილი ბიძაშვილთან ერთად ავტომაგისტრალზე ჩადენილი დარღვევის გამო გააჩერეს.
ახალგაზრდების განმარტებით, ბონდო ბეჟიტაშვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლის პარალელურად, პოლიციელები დანაშაულის აღიარებაზე, ბიძაშვილის დაყოლიებას პაატა ბეჟიტაშვილსაც სთხოვდნენ. სანაცვლოდ, საკმაოდ სოლიდური ჯარიმის პატიებას ჰპირდებოდნენ.
ზეწოლის მიუხედავად პოლიციელებმა აღიარებითი ჩვენება ვერ მოიპოვეს. ბიჭებმა მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლის თაობაზე, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას იმავე დღეს შეატყობინეს.
ამ საქმემ გარკვეული პოლიტიკური ელფერი უკვე შეიძინა, რადგან პაატა და ბონდო ბეჟიტაშვილები კასპის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვახტანგ ბეჟიტაშვილის ბიძაშვილები და მხარდამჭერები არიან.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. ცნობილია, რომ პოლიციელებს ჩვენება უკვე ჩამოართვეს, ხოლო პაატა და ბონდო ბეჟიტაშვილებს გენინსპექციაში დაკითხვაზე ხვალისთვის ელოდებიან.
ავტორი: გიორგი გვიშიანი.